მამუკა ბახტაძე - დავოსში ვიზიტისას გაიმართება შეხვედრები როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესლიდერებთან
მამუკა ბახტაძე - დავოსში ვიზიტისას გაიმართება შეხვედრები როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესლიდერებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესლიდერებთან.

მისი თქმით, რამდენიმე კომპანია აქტიურად განიხილავს და გეგმავს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან თავიანთ მთავარ ოფისებს და მოემსახურებიან რეგიონს, ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ.

„რამდენიმე მიზანი გვაქვს, პირველი მიზანი რა თქმა უნდა, გახლავთ დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ შეხვედრა გვექნება რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც აქტიურად განიხილავს და გეგმავს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამასთან, გვექნება შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, სადაც ვიმსჯელებთ იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას. ეს განსაკუთრებით შეეხება ჩვენს ევროინტეგრაციას. გვექნება შეხვედრები იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში განიხილავენ თავიანთი საერთაშორისო ოფისების გახსნის შესაძლებლობას. მოგეხსენებათ, გვაქვს ინიციატივა, რომელიც ამოქმედდება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან. ინიციატივის მიხედვით,  ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან თავიანთ მთავარ ოფისებს და მოემსახურებიან რეგიონს, ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ. ვფიქრობ, ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ვიმედოვნებ, ნაყოფიერი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.