მამუკა ბახტაძე დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ანგელა მერკელს შეხვდა
მამუკა ბახტაძე დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ანგელა მერკელს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც იყო მიწვეული.

ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძისა და ანგელა მერკელის შეხვედრა არაფორმალურ ფორმატში შედგა და მათ რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს.

„ჩვენ შარშან ვმასპინძლობდით გერმანიის კანცლერს და ბუნებრივია, ამ კომუნიკაციის დროს საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომელიც განხილული იყო ქალბატონ მერკელის საქართველოში ვიზიტის დროს და ასევე, ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, გერმანიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს სხვადასხვა საკითხში.

„მოგეხსენებათ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ევროკავშირის შიგნით. გერმანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერია“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.