მამუკა ბახტაძე - დავით კეზერაშვილის რეპუტაცია და წარსული ჩემი მხრიდან ზედმეტ შეფასებას არ საჭიროებს
მამუკა ბახტაძე - დავით კეზერაშვილის რეპუტაცია და წარსული ჩემი მხრიდან ზედმეტ შეფასებას არ საჭიროებს

დავით კეზერაშვილის რეპუტაცია და წარსული ჩემი მხრიდან ზედმეტ შეფასებას არ საჭიროებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ არსებული ბრალდებების დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა.

„რაც შეეხება ბატონ კეზერაშვილს, მის რეპუტაციას და წარსულს, თუ რით იყო დაკავებული, როგორ წარმოგვიდგინა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა კეზერაშვილი, როგორც წარმატებული ბიზნესმენის სახე, ვფიქრობ, ზედმეტ შეფასებას ჩემი მხრიდან არ საჭიროებს.

ქართულ საზოგადოებას აქვს ძალიან ნათელი დამოკიდებულება და პოზიცია ამ პერსონის, მისი წარსულის და ყველაფერი იმის მიმართ, სადაც ეს ადამიანი იყო გარეული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე აქვს წარდგენილი, თუმცა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არც ერთ საქმეზე არ არის გამოტანილი. მათ შორის ერთ-ერთზე – ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე – სასამართლომ კეზერაშვილი გასულ წელს უდანაშაულოდ ცნო.

გარდა ამისა, დავით კეზერაშვილი 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია. ამავე საქმეზე ბრალდებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ახალი სატელევიზიო პლატფორმის შექმნა დაანონსა.