მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება განსაკუთრებული როლი იმ ძალიან ამბიციურ სტრატეგიაში, რომელიც აქვს „რაინეარს“​
მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება განსაკუთრებული როლი იმ ძალიან ამბიციურ სტრატეგიაში, რომელიც აქვს „რაინეარს“​

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება განსაკუთრებული როლი იმ ძალიან ამბიციურ სტრატეგიაში, რომელიც აქვს კომპანია „რაინეარს“​, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ხელშეკრულების გაფორმების კომენტირებისას.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიასთან, კომპანია „რაინეართან“. ეს არის მსოფლიოს მართლაც წამყვანი და გიგანტი კომპანია, დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც საშუალებას მოგცემს, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ევროპული ქვეყნებიდან. ამავე დროს, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ძალიან დაბალ ფასებში იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ დივერსიფიცირება, ის სტრატეგია, რომელიც გვაქვს არჩეული. უკვე წელს, ნოემბრიდან სამი მიმართულება დაგვემატება, ხოლო მომავალ წელს 12-მდე გავზრდით. დარწმუნებული ვარ იმ ძალიან ამბიციურ სტრატეგიაში, რომელიც აქვს კომპანია „რაინეარს“​, საქართველოს ექნება განსაკუთრებული როლი“, – განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა, რომელიც დღეს ბათუმში განახლებული კაფე „რვაფეხას“ გახსნასა და ე.წ. საზიარო ელექტრომობილების სერვისის პრეზენტაციას დაესწრო, რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, აჭარაში. ამ ულამაზესი კუთხისთვის ტურიზმის სექტორს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და განვაგრძობთ ჩვენს მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომ ტურიზმის სექტორი კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა მეტ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, ჩაერთოს ამ სექტორში და მიიღოს მეტი შემოსავალი“, – განაცხადა ბახტაძემ.

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა.