მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად შედგება, როგორც ერთიანი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო
მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად შედგება, როგორც ერთიანი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო

დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და გვერდში დგომით, აუცილებლად მივაღწევთ საწადელს და საქართველო აუცილებლად შედგება, როგორც ერთიანი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და ყველაზე ძვირფასია.

„თაობები იბრძოდნენ იმისთვის, რომ შემდგარიყო თავისუფალი საქართველო. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც მყარად დგას იმ გზაზე, რასაც ჩვენი მისწრაფებები ჰქვია, ის მისწრაფებები, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. მსურს, მივულოცო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს და მეგობრებს, რომელთაც ისევე უხარიათ საქართველოს წარმატებები, როგორც ჩვენ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, კულტურის სფეროს და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.