მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა
მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა

მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„დღეს 30 წელი შესრულდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღემ მართლაც ერთმუშტად შეკრა მართველი ერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა, გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სიმბოლურია ისიც, რომ ორი წლის შემდეგ ამ ტრაგედიიდან ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

9 აპრილის მემორიალთან მამუკა ბახტაძესთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.