მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს ეყოლებათ პრინციპული და აქტიური დეპუტატი
მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს ეყოლებათ პრინციპული და აქტიური დეპუტატი

დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს ეყოლებათ ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლადო კახაძის წარდგენაზე განაცხადა.

„ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მთაწმინდა არის ულამაზესი დედაქალაქის გამორჩეული და ისტორიული უბანი. დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელწიფოს ინტერესები. შეუძლია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერესების გარშემო“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი მტკივნეული გამოწვევა.

„ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა – ის ეროვნული იდეა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება, დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ეს არის განათლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს ვიმყოფები საზოგადოებაში, რომლისთვის განათლება არის განსაკუთრებული ფასეულობა. შარშან ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველ ტურში ჩვენი მოქალაქეებისგან მივიღეთ კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენი საზოგადოება ელოდება სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს და მსურს, შეგპირდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სწრაფ და ხელშესახებ შედეგებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთაწმინდა გამორჩეული ადგილია ქვეყნისა და დედაქალაქისთვის.

„ჩვენ გამორჩეული უბნისთვის შევარჩიეთ გამორჩეული და ძალიან ღირსეული კანდიდატი – ლადო კახაძე. ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა. პირადად ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისება. დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს გეყოლებათ ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი, რომელიც ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.