მამუკა ბახტაძე - ციფრული საბაჟოს იდეა ძალიან ამბიციური პროექტია 
მამუკა ბახტაძე - ციფრული საბაჟოს იდეა ძალიან ამბიციური პროექტია 

ციფრული საბაჟოს იდეა ძალიან ამბიციური პროექტია. საქართველო არა მარტო ჩვენს რეგიონში, შეიძლება ითქვას, აღმოსავლეთ ევროპაშიც კი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გააკეთებს ამ ახალი თაობის ციფრული საბაჟოს იმპლემენტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის.

„სიახლე გვაქვს საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით. ორი დღის წინ გვქონდა ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია. მე განვაცხადე პარლამენტში, რომ ეს არის პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ. საქართველოს ექნება ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც პასუხობს გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს. ეს იქნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ შევა ძალაში. მნიშვნელოვნად გამარტივდება ისეთი საბაჟო პროცედურები, როგორიც არის სასაზღვრო ფორმალობები, ავტორიზებული  ეკონომიკური ოპერატორი, რეექსპორტის პროცედურების მაქსიმალურად გამარტივება. იმპორტის გადასახადის დაბრუნება, პროცედურის მფლობელის დეფინიციის შემოტანა, დეკლარირების მარტივი ელექტრონული ფრომის იმპლემენტაცია. შენარჩუნდება ყველა მიღწევა, რომელიც საგადსახადო და საბაჟო ვალდებულების ერთიან ადმინისტრირებას უკაშირდება. მათ შორის, ერთიან სახაზინო კოდს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვენ ახალი ციფრული სერვისები შევთავაზოთ მომხმარებლებს”, – განახცადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ციფრული საბაჟოს იდეა არის სწორედ ის ერთ-ერთ მთავარი ამოცანა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს.

„ციფრული საბაჟოს იდეა, ძალიან ამბიციური პროექტია. საქართველო არა მარტო ჩვენს რეგიონში, შეიძლება ითქვას აღმოსავლეთ ევროპაშიც კი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გააკეთებს ამ ახალი თაობის ციფრული საბაჟოს იმპლემენტაციას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მეწარმეებსა და ექსპერტებს, რომ აქტიურად ჩაერთონ საბაჟო კოდექსის ღია განხილვის პროცესში.

„მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საბაჟო კოდექსის განხილვა მოხდება ღია პლატფორმის რეჟიმში. მოვუწოდებ ჩვენს მეწარმეებს, მოვუწოდებ ექსპერტებს, ჰქონდეთ რაც შეიძლება აქტიური ჩართულობა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გახდის კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.