მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის მთავარია შედეგი, რომლის ერთ-ერთი წინაპირობა პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია
მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის მთავარია შედეგი, რომლის ერთ-ერთი წინაპირობა პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია

ჩვენთვის მთავარია შედეგზე ორიენტირებულობა და შედეგის დადება, შედეგის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კი, ბევრ სხვა წინაპირობასთან ერთად, არის სწორედ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ეკონომიკური გუნდის ახალი მინისტრების პროფესიონალიზმთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა გიორგი ქობულიას და ივანე მაჭავარიანის პრაქტიკულ გამოცდილებას და აღნიშნა, რომ უჭირს დაიჯეროს დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვების ობიექტურობა.

„რა თქმა უნდა, ამ კითხვებს ობიექტურად არ სვამთ და მშვენივრად იცით, რაზეა საუბარი. დავიწყოთ გოგა ქობულიათი – ადამიანით, რომელსაც წამყვან მსოფლიო კორპორაციაში, რომელიც ჩართულია გლობალური ეკონომიკის ზრდის სტრატეგიის შემუშავებაში, ვინაიდან თანამშრომლობს ყველა წამყვან კომპანიასა და სახელმწიფოსთან, აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული იმ სტრატეგიების შექმნაში, რომელმაც ძალიან ბევრი წარმატება მოუტანა როგორც სხვადასხვა სახელმწიფოს, ასევე მსხვილ კომპანიებს. თქვენ თავად აღნიშნეთ ის ფაქტი, რომელიც არის ჩვენი ეკონომიკის მინუსი, რაშიც მე გეთანხმებით.

თქვენ მაგალითად მოიტანეთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთში და სხვა ზონები, რომლებიც ვერ ითვისებენ მთელ პოტენციალს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. კიდევ ბევრი სხვაა წინაპირობა გვაქვს საგადასახადო სტიმულირების თვალსაზრისით და ა.შ. მაგრამ აუცილებელია, ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში ეფექტურად. ჩვენი ბაზარი არის ძალიან მცირე და საჭიროა, მსხვილ ეკონომიკურ პლატფორმებში ვიყოთ ინტეგრირებული. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და გიორგი ქობულიას აქვს ამის ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, რაც შეეხება ვანო მაჭავარიანს, მთავრობა და სახელმწიფო 21-ე საუკუნეში ვერ იქნება წარმატებული, თუ არ მოხდება მისი ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია.

„21-ე საუკუნეში მმართველობითი სტრუქტურები, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები ვერ იქნება ეფექტური, თუ არ დაინერგება შესაბამისი ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიების დანერგვამ რა შედეგი მოუტანა მცირე ზომის ქვეყნებს, ესტონეთია ძალიან კარგი მაგალითი ვერანაირ ეკონომიკურ გარღვევაზე და სიღარიბის დამარცხებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, თუ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ვერ განვახორციელებთ იმ რეჟიმში, როგორც ეს გააკეთეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა.

ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ამის პრაქტიკული გამოცდილება და ამავე დროს აქვს ხედვა მაკროეკონომიკაზე და ფინანსებზე, თუ როგორ მოვახდინოთ იმ რეფორმების დანერგვა, მათ შორის ციფრულ რეჟიმში, რომელიც არის ჩემს მიერ წარმოდგენილ პროგრამაში. ჩვენთვის მთავარია შედეგზე ორიენტირებულობა და შედეგის დადება. შედეგის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ბევრ სხვა წინაპირობასთან ერთად, არის სწორედ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.