მამუკა ბახტაძე - ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია
მამუკა ბახტაძე - ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია

ჩვენმა საზოგადოებამ და საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ბახტაძე სალომე ზურაბიშვილის შტაბში იმყოფებოდა. მან ამომრჩევლებს მეორე ტურში აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველა ამომრჩეველს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რადგან აქტიურობა იყო საკმაოდ მაღალი და ამასთან ერთად ისიც განვაცხადე, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი მოსახლეობისგან, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში.

საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა და პრობლემები. ეს ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ.

ამავე დროს, მივულოცე ქალბატონ სალომეს ის ნდობა, რაც მოიპოვა მოსახლეობისგან და ვუსურვე წარმატებები.

საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები უნდა გატარდეს მუდამ. ინტერესებში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შედის საქართველოს დეოკუპაცია და ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამავე დროს, სწორად ამ რიგის ამოცანა გახლავთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას ასეთი აქტიურობისთვის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი 59.69%-ით იმარჯვებს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი ხმათა 40.31% აქვს.