მამუკა ბახტაძე - ჩვენი წინადადებაა, ოქტომბრიდან გადავიდეთ დიზელის ახალ სტანდარტზე, ავწიოთ „ევრო 4“-მდე, ხოლო 2020 წელს - „ევრო 5“-მდე
მამუკა ბახტაძე - ჩვენი წინადადებაა, ოქტომბრიდან გადავიდეთ დიზელის ახალ სტანდარტზე, ავწიოთ „ევრო 4“-მდე, ხოლო 2020 წელს - „ევრო 5“-მდე

საქართველოში საკმაოდ მაღალია დიზელის მოხმარება, შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან უკვე გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, ავწიოთ სტანდარტი „ევრო 4“-მდე, ხოლო 2020 წელს – „ევრო 5“-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის“ წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გახდება მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა.

„ჩვენი პრიორიტეტია, ეტაპობრივად ჩანაცვლდეს გაუმართავი და ამორტიზირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც, პირველ რიგში, შეეხება დედაქალაქს.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ქალაქის მერთან, კახი კალაძესთან ერთად გავაკეთეთ ამ პოლიტიკის პრეზენტაცია და როგორც მოგეხსენებათ, 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. ამასთან ერთად, ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანის პროცესს. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გადაადგილების საშუალება. ჩვენი პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი მოძრავი შემადგენლობის შემოყვანას, ამავდროულად ვგულისხმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. კომფორტულ და სწრაფ  გადაადგილებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალელურად, ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ველობილიკებს, შშმ პირებისა და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის გამართვის კომპონენტების ჩათვლით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ამასთან ერთად, აუცილებელია მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარებისას გათვალისწინებული იყოს გარემოსდაცვითი ასპექტები, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

„2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს.

ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტოპარკის ტექნიკური შემოწმება გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით. შესაბამისი ინიციატივების ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით.

ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. ჩვენ ბენზინის სტანდარტი ავწიეთ, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავრცელდეს დიზელის საწვავზე. მოგეხსენებათ, საქართველოში საკმაოდ მაღალია დიზელის მოხმარებაც, შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან უკვე გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, ავწიოთ სტანდარტი „ევრო 4“-მდე, ხოლო 2020 წელს – „ევრო 5“-მდე, რაც გულისხმობს იმას, რომ 10-ჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს საქართველოში ხდება.

ასევე, ყველა ტიპის ავტომობილისთვის ტექნიკური დათვალიერების შემოღება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს დიზელზე მომუშავე ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების მკვეთრ შემცირებას“, – განაცხადა პრემიერმა.