მამუკა ბახტაძე - ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან იყვნენ გუგუტიანთკარში ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს
მამუკა ბახტაძე - ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან იყვნენ გუგუტიანთკარში ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს

როდესაც დაიწყო ეს პრობლემა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე 24 საათიან რეჟიმში ჩემი თხოვნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რატომ არ ჩადის გუგუტიანთკარში.

„ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, კითხვა რა შინაარსითაც დასვით, ვინაიდან როდესაც დაიწყო ეს პრობლემა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე 24 საათიან რეჟიმში, ჩემი თხოვნით, როგორც ქეთი ციხილეაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, რომელიც დღეს ადგილზე იყო ჩასული და ყველამ თავისი თვალით დაინახა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას“, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით,  ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება.

„გრძელდება სამწუხაროდ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, სწორედ მათ აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა, დავარწმუნო თითოეული თქვენთაგანი და საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდით ამოვუდგეთ ამ ხალხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, ე.წ. ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია, რათა ამას წინ აღუდგეს.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპაცია და ე.წ ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია, რათა ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ პირველი დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რომ შევაჩეროთ როგორმე ეს მტკივნეული ბორდერიზაციის პროცესი. სამწუხაროდ ის გრძელდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ტყუილია საუბარი იმაზე, თითქოს, ხელისუფლებამ ეს საკითხი კრიტიკულად არ დასვა.

„რის საფუძველზე ამბობთ, რომ კრიტიკულად არ დავსვით საკითხი რომელიმე ფორმატში? ეს არის ტყუილი. თქვენი სიტყვები არ შეესაბამება რეალობას. რამდენიმე დღის წინ გაერო-ში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, სადაც იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. თქვენ იცით ამის შესახებ? თუ არ გაგიგიათ, მაშინ მინდა, გითხრათ, რომ გაერო-ს ტრიბუნა არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც შეიძლება, ეს პრობლემა დაისვას. კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო, თქვენ აგრძელებთ დეზინფორმაციის კამპანიას, ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან იყვნენ იქ ჩვენი მოქალაქეების გვერდით“, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.