მამუკა ბახტაძე - რეგიონული ცენტრის სტატუსზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის მხარდაჭერა
მამუკა ბახტაძე - რეგიონული ცენტრის სტატუსზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის მხარდაჭერა

ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონულ ცენტრად და როდესაც ვსაუბრობთ რეგიონული ცენტრის სტატუსზე, ბუნებრივია, გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მისი აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიღებული იქნება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც შეაჯერებს ათწლიან პერიოდს და განსაზღვრავს სამომავლო პარტნიორობის დღის წესრიგს.

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაშინგტონში. 10 წლის წინ შეიქმნა ეს უნიკალური პლატფორმა, რომელიც გულისხმობს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის.

მე და სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო შევთანხმდით, რომ პლენარულ სესიაზე იქნება ერთობლივი დეკლარაცია მიღებული, რომელიც ერთგვარად შეაჯერებს ათწლიან პერიოდს, რომელიც გავიარეთ ერთად, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოგვიტანა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში და ამასთან, ფაქტობრივად განსაზღვრავს მომავალ დღის წესრიგს, რომ ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა.

„ამას სჭირდება განსაკუთრებული გაფრთხილება და გაღრმავება. დოკუმენტში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომელიც შეეხება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ამასთან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ვახორციელებთ, რომ ჩვენი წარმატება კიდევ უფრო გავამყაროთ. ამავე დროს, მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებული იმ სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელსაც ვთავაზობთ მსოფლიოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს მომავალში იქნება საჯარო და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.