მამუკა ბახტაძე -  ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
მამუკა ბახტაძე -  ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პროფესიულ წრეებში ნდობის საკმაოდ მაღალი ხარისხით უნდა სარგებლობდეს და ჰქონდეს შესაბამისი რეპუტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„რა თქმა უნდა, ქალბატონ ნინოს რაც შეეხება, მან გააკეთა ამ საკითხზე დეტალური კომენტარი და მინდა ვუსურვო წარმატებები. ვფიქრობ, მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დროის იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იყო ამ ინსტიტუტის წარმომადგენელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანური მმართველობა, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მესამე სექტორის ამ პოზიციას ვერ გაიზიარებს.

„მე ვერ გავიზიარებ პოზიციას, რადგან არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი არსებობს რომელიმე ამ მიმართულებით. მინდა გავიმეორო, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან აღვნიშნე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეფორმები პირველ რიგში, სწორედ აქეთ უნდა იყოს ფოკუსირებული. აქედან გამომდინარე, მე მაქვს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური მოლოდინები, რომ ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს სასამართლო სისტემაში ახალი რეფორმების გატარებას, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მისიისა და მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პრემიერმა.