მამუკა ბახტაძე - ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშეა და ყველაზე ღირსეული პასუხი მათზე არის განათლებული საქართველო
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშეა და ყველაზე ღირსეული პასუხი მათზე არის განათლებული საქართველო

ჩვენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ყველაზე ღირსეული პასუხი არის განათლებული საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განაცხადა, სადაც  განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ პრობლემებზე არის განათლებული საქართველო. განათლებული მოდერნიზაცია, ძლიერი საფუძვლიანი განათლების საფუძვლის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მან განაცხადა, რომ მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდები, განათლება და ინოვაციები.

„შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა  ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და გპირდებით, ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს.  სწორედ ამიტომ აქ ამ წმინდა ადგილას იყალთოს აკადემიის ამ წმინდა კედლებში მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ განათლების რეფორმის ხედვას“, – განაცხადა პრემიერმა პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, 2018-2023 წლებში მოხდება იმ ძირითადი ბირთვის დანერგვა, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანს განათლების ევროპულ სისტემასთან.

„2019 წლის შემოდგომაზე კი, ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც, უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა – სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს 10 ან 11-პროცენტიანი წილი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.