მამუკა ბახტაძე - ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა

ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, სერგეი შამბას მიერ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ გაკეთებულ განცხადებას, სადაც შამბა ამბობს, რომ საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა.

„ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა. აქვე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გახლავთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც დაცულია ყველა პიროვნების ინტერესი და ღირსება, სადაც ყველას აქვს საშუალება, მოახდინოს საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება.

ეს გახლავთ ჩვენი მხრიდან ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“  ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.