მამუკა ბახტაძე - ჩვენი პასუხი მავთულხლართებზე, ხელოვნურ ბარიერებზე, ოჯახების გაყოფასა და ე.წ. გამშვებ პუნქტებზე არის თამამი სამშვიდობო ინიციატივები
მამუკა ბახტაძე - ჩვენი პასუხი მავთულხლართებზე, ხელოვნურ ბარიერებზე, ოჯახების გაყოფასა და ე.წ. გამშვებ პუნქტებზე არის თამამი სამშვიდობო ინიციატივები

ჩვენი პასუხი მავთულხლართებზე, ხელოვნურ ბარიერებზე, ოჯახების გაყოფასა და ე.წ. გამშვებ პუნქტებზე არის თამამი სამშვიდობო ინიციატივები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

მისი თქმით, ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და ხალხთაშორისი კონტაქტების აღდგენას.

„ეს არის წინადადებები, რომლებიც სწორედ დაფუძნებულია იმ მოსახლეობის ინტერესზე, რომელიც დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

და ბოლოს, დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებული პოზიცია, რათა რუსეთის ფედერაციამ მიიღოს მკაფიო სიგნალი, რომ მსოფლიო არ შეეგუება სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით თვითნებურად ცვლილების მცდელობებს. ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებითა და ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება საქართველოში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა, ქვეყნის დეოკუპაცია და ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგება.

ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე და ქვეყნის ოკუპაციაზე არის მშვიდობა, ქვეყნის მდგრადი განვითარება, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ეკონომიკის განვითარება, ჩვენი შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი, უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის,რომ ერთად ვაშენოთ ძლიერი და ევროპული საქართველო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.