მამუკა ბახტაძე - ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული და არაფერი სხვა რამით, მე სხვა კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც მე მოვისმინე გუშინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოში მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი.

„მინდა, გავაკეთო აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვანზე, ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, ეს არის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება, აი აქ არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ეს ძალიან კარგად ესმის. საქართველოში აუცილებლად მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი და ეს არის გარანტი, რომ საქართველო გააგრძელებს თავის განვითარებას. მე გუშინ რაც მოვისმინე და რაც წავიკითხე ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან, ამას ძალიან მარტივი შეფასება შეიძლება მივცე, რომელიც უკვე გავაკეთე. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები აგრძელებენ მსგავსი კონსპირაციული თეორიებით საზოგადოებასთან საუბარს. საზოგადოება თავის მხრივ, აკეთებს ჯანსაღ შეფასებას ამ ყველაფრის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.