მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა

ევროსაბჭოში საქართველოს გაერთიანების დღიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო კარდინალური გარდაქმნა და დღეს აღმავალ ქვეყნად წარმოვჩინდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 20 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა წინ და ევროსაბჭოში გაწევრიანებას მთელი რიგი ვალდებულებები მოჰყვა.

„ამ ვალდებულებების ფარგლებში საქართველომ პირობა დადო: შეექმნა პირუთვნელად დემოკრატიული სახელმწიფო, გაეძლიერებინა სამართლის უზენაესობა; განეხორციელებინა სასამართლო რეფორმა; ებრძოლა კორუფციის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველეყო გამოხატვისა და მედიის თავისუფლება; დაეცვა უმცირესობები და გაეძლიერებინა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები. საქართველომ წინსვლა იქონია ყველა ამ მიმართულებებით ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. ეს შესაძლებლობა მინდა გამოვიყენო და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას, მინისტრთა კომიტეტს, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესს, ვენეციის კომისიას, ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ბევრი წლის შემდეგ, საქართველომ საბოლოოდ მოახერხა კონტროლისა და ბალანსის სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება და ამდენად დემოკრატიული წინსვლა შეუქცევადი გახდა.

„კონსტიტუციის ახალი რედაქციის და ყველა სხვა შედეგის განხილვისას, რამაც განაპირობა ჩვენი დემოკრატიის შენება, ყველაზე კარგად საკითხის წარმოჩენა შემიძლია ყველაზე ავტორიტეტული მსაჯულის – ვენეციის კომისიის – მოსაზრების ციტირებით: „საკონსტიტუციო რეფორმის პროცესით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუცია საპარლამენტო სისტემად ჩამოყალიბებისკენ და ეს დადებითი ნაბიჯია ქვეყნების საკონსტიტუციო წეს-წყობილების კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, რაც დემოკრატიის პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეფუძნება“. ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა. კონსტიტუციის ახალი რედაქცია გულისხმობს 2024 წლიდან სრულად და სუფთად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მანამდე საქართველო მნიშვნელოვან გარდაქმნის პროცესს გადის. ყოველივე ეს უკეთეს პოლიტიკურ ბალანსს შექმნის, მცირე პარტიებს პარლამენტში მოხვედრის უკეთეს შანსებს მისცემს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით, მთავრობას მეტი კონსენსუსი დასჭირდება პოლიტიკის შემუშავებისას. ეს ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და ამ კურსიდან არასოდეს გადავუხვევთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.