მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი საქართველო, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი საქართველო, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა

ჩვენი მიზანი არის ერთი – შევქმნათ ისეთი საქართველო, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და სწორედ ასეთი საქართველო გახდება ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების საერთო ოჯახში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობას აქვს განვითარების ხედვა, რომელიც რამდენიმე პრინციპს ეფუძნება.

„ეს არის ჩვენი ერის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. “ქართულ ოცნებას” ამ მიმართულებით აქვს ძალიან ბევრი წარმატება და ამ წარმატებებს სჭირდება კიდევ უფრო განმტკიცება. ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ფიზიკურ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში, არამედ სრულ ჰარმონიზებას იმ პრინციპებთან, რომელიც აქვს ევროპულ ცივილიზაციას განათლების, ადამიანის უფლებების, თავდაცვისა და ბევრ სხვა სექტორში. ჩვენ ყველა მიმართულებით გავატარებთ ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს. ამ რეფორმების შედეგად მივიღებთ ეკონომიკის ისეთ მოდელს, ისეთი სამართლიანი თამაშის წესების გამოყენებით, რომელიც აისახება თითოეულ ქართულ ოჯახზე, ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. შედეგად დავძლევთ სიღარიბეს და ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატია.

“სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლი, მათ შორის, ანტიკორუფციული ხაზითაც. განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია – სწორედ განათლებული, მოტივირებული, სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე, საკუთარ ძალებში და მოტივაციაში დარწმუნებული ახალგაზრდობა იქნება შემოქმედი იმ მთავარი შედეგისა, რომელიც საქართველო შეიყვანს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში. შესაბამისად, განათლების სექტორში ძირეული რეფორმა და მასშტაბური ინვესტიცია იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი. ამ რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ შემოდგომაზე წარვდგებით ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივათა პაკეტით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.