მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მივაღწიოთ საუკეთესო კანონმდებლობასა და ინსტიტუციურ გარდაქმნას ევროკავშირთან თავსებადობის პრინციპით
მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მივაღწიოთ საუკეთესო კანონმდებლობასა და ინსტიტუციურ გარდაქმნას ევროკავშირთან თავსებადობის პრინციპით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბულგარელ კოლეგას, ბოიკო  ბორისოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე  ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრების შეხვედრა დღეს სოფიაში, მამუკა ბახტაძის ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ბახტაძემ და ბორისოვმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მამუკა ბახტაძის თქმით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის აქტუალური საკითხები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე ყველანი ვთანხმდებით, რომ შესამჩნევი წინსვლა გვაქვს ბევრი მიმართულებით, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ პარტნიორობა საჭიროებს ერთობლივ ძალისხმევასა და ახალი დინამიკით გამდიდრებას. ეს შესაძლებელია ახალი სამიზნე ორიენტირების განსაზღვრით, რაც იქნება ევროკავშირში გაზრდილი ინტეგრაციისთვის დადებული პირობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ამ წლების განმავლობაში საქართველომ ძლიერი საფუძველი შეუქმნა მის ევროკავშირთან ურთიერთობას, ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების ხელშეწყობით.

„ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ქმედითი გამოყენება და განხორციელება, ევროპულ სტანდარტებზე და პრაქტიკაზე ეტაპობრივი გადასვლა მრავალ შესაძლებლობას უხსნის ჩვენს ურთიერთობასა და მისი მეტად გაძლიერების წინაპირობას ქმნის. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მივაღწიოთ საუკეთესო შესაძლო კანონმდებლობასა და ინსტიტუციურ გარდაქმნას ევროკავშირთან თავსებადობის პრინციპით, რაც მეტ შესაძლებლობებს მისცემს მასთან ჩვენი ინტეგრაციის გაღრმავების პერსპექტივას. ეს არის ზუსტად ის მიზანი, რაც ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საგზაო რუკით არის განსაზღვრული და რაც შეხვედრისას განვიხილეთ. მოუთმენლად ველით ბულგარელ კოლეგებთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო დავწინაურდეთ ევროკავშირთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და აღინიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი დინამიური.

„აღვნიშნეთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიულ განხილვებში საქართველოს მონაწილეობისა და ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, რაც აუარესებს მდგომარეობას უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით ქვეყნის ორივე ისტორიულ რეგიონში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას, რომელმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიერ ამ მიმართულების გაწეული ძალისხმევის მიმართ.

„საერთაშორისო საზოგადოების მხოლოდ მტკიცე პოზიციითა და თანმიმდევრული მიდგომით შევძლებთ წინსვლის მიღწევას და ადგილზე ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მან ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბულგარეთის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 140 წლის იუბილე მიულოცა.

„იმედი მაქვს, ჩემი ოფიციალური ვიზიტი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა ჩვენი ერებისთვის დიდი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისთვის, ორივე ქვეყნის ინტერესების დასაწინაურებლად, ჩვენი ურთიერთობის გასაძლიერებლად, გასაღრმავებლად და მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბულგარეთში.