მამუკა ბახტაძე - ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს წევრი, მხარდაჭერილია საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ, რაც დასტურია, რომ ეს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია
მამუკა ბახტაძე - ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს წევრი, მხარდაჭერილია საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ, რაც დასტურია, რომ ეს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია

ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს წევრი, მხარდაჭერილია ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ, რაც დასტურია, რომ ეს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოისმინა ძლიერი გზავნილები საერთაშორისო პარტნიორებისგან იმის შესახებ, რომ არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს არჩევანი სუვერენულ ქვეყანას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ის კონცეფცია, რომელიც განიხილებოდა დღეს და წინა თვეების განმავლობაში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ევროპული ოჯახისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გარანტირება. ჩვენი მისწრაფება არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენმა ერმა გააკეთა სუვერენული არჩევანი და დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გვექნება ამ გზაზე, საქართველო აუცილებლად მიაღწევს საწადელს და გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.