მამუკა ბახტაძე - ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს

განათლება ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა, გზა თავისუფლებისკენ, ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა მახტაძემ სახელწოდებით „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ სემინარის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სემინარი დღეს ევროპის დღეების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.

„განათლება არის გზა თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ და ყველა იმ მძიმე გამოწვევის დაძლევისკენ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ამიტომ ეს არის ეროვნული იდეა“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ.

მან პედაგოგების ანაღაურების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგის პროფესია, საქართველოში დაფასებული უნდა იყოს.

„ამავე დროს, ძალიან მძიმეა ჩემთვის იმის მოსმენა და სტატისტიკაში დანახვა, რომ პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა. მოგეხსენებათ, რომ ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის შესახებ, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს იქნება ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. ერთ-ერთი მიზანი ბუნებრივია იქნება, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში იყოს დაფასებული და პრესტიჟული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც პედაგოგის და მასწავლებლის როლი არ არის შესაბამისად დაფასებული, ასეთ სახელმწიფოს არა თუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს.