მამუკა ბახტაძე - ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა

პირველ რესპუბლიკას არც შიდა და არც საგარეო მტერმა არ აპატია თავისუფლებისკენ სწრაფვა და დღეს ჩვენ, ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის ყველა გულშემატკივარს საქართველოს კონსტიტუციის დღე მიულოცა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში.

„მე აქ ვგულისხმობ ყველა იმ პრინციპს, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ქართული სახელმწიფოს თავისუფლებას, ასევე თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის თავისუფლებას. 24 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველომ გადადგა კიდევ ერთი პრინციპული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარების გზაზე და მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ახალი ფურცელი ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე და აღნიშნა, რომ ის პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას ეფუძნება.

„განსაკუთრებით სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას. კონსტიტუციას, რომელსაც მაშინდელი ევროპა თვლიდა ყველაზე პროგრესულად. ხშირად მე მეკითხებიან, რატომ აკეთებ აქცენტს, როდესაც საუბრობ საქართველოს არჩევანზე, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. სწორედ ეს არის მეგობრები რატომაც მე ვამბობ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი და ეს არის ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ჩვენ მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნების გამო არ მიგვიღია ნამდვილად. ჩვენი ფესვები, ჩვენი წინაპრები სწორედ ასე ხედავდნენ საქართველოს განვითარებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ 24 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა გარკვეული ცვლილებები, იყო მძიმე ჩარევაც, რომელიც არ ემსახურებოდა საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას.

„სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების ურყევი ნებიდან გამომდინარე მიიღო კონსტიტუციის, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქცია, რომელშიც აისახა ჩვენი ხალხისთვის ყველაზე აქტუალური და მგრძნობიარე საკითხები. დღეს ჩვენ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თანამედროვე ევროპული, დასავლური ტიპის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია. კონსტიტუცია, რომლითაც აღმოიფხვრა ყველა არსებული ხარვეზი, მოხდა დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა. ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ აღნიშნული მოდელი საპარლამენტო დემოკრატია უზრუნველყოფს საქართველოს მდგრად განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევნების არჩევანის მიღწევას. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მსურს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს კონსტიტუციის ჩამოყალიბებაში გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ასევე ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელმწიფოებრივი მიდგომების შედეგია ის, რომ ჩვენ გავაჟღერეთ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ე.წ ნულოვანი ბარიერის პირობებში. ეს არის კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯი, რომელიც გადავდგით საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისა და კონსოლიდაციის საქმეში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის სასახლეში გამოფენილი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები დაათვალიერა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიულ დოკუმენტები და ფოტომასალა.

მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.