მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, ყოველწლიურად შევძლოთ 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა 
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, ყოველწლიურად შევძლოთ 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა 

ჩვენი ამოცანაა, ყოველწლიურად შევძლოთ 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა და ვისურვებდი, ამ სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რომელიც საბოლოო ჯამში სიღარიბის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებასა და დაძლევას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელთა დიდი ნაწილი შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენ გვაქვს სიღარიბის პრობლემა საქართველოში, რომლის გამომწვევი წყარო რამდენიმეა. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მცირეა. ეს მათ შორის უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მოდელი და მოქმედი წესები ზღუდავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საშუალებას. ჩვენი ახალი საბაჟო კოდექსი, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, დაზღვევის ინსტრუმენტები, რომელიც ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები ორიენტირებული იქნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირებაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე გაგრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯები გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს კიდევ უფრო ეფექტურად ინტეგრირებისთვის.

„ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა, რათა ბიზნესმა შეძლოს აქტიური განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ამოცანად დარჩება გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტურად ინტეგრირება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ლოგისტიკა, რომელიც ჯერ კიდევ მსხვილ ხარჯად რჩება ჩვენი მეწარმეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი არსებობს.

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური და წარდგენილია მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც ჯარიმების და საურავების დაწესების „დრაკონული წესების“ შეცვლას გულისხმობს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა დღგ-ს დაბრუნების რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ელექტრონულ რეჟიმში ამოქმედდება.

„წელს ნახევარ მილიარდზე მეტი დაუბრუნდათ ქართველ მეწარმეებს. ჩვენ ამ პროგრამას მომავალში გავაგრძელებთ და ჩვენი ამოცანაა, 2018-2020 წლების განმავლობაში მილიარდ-ნახევარი ლარი დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა, რაც მათ პროდუქციას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, – აღნიშნა პრემიერმა.