მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, ეროვნულ ეკონომიკაში სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდეს
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, ეროვნულ ეკონომიკაში სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდეს

ჩვენი ამოცანაა, ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვუპასუხოთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში, ეს არის სიღარიბის შემცირება, ჭარბვალიანობა და რაც მთავარია, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ეროვნულ ეკონომიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ამ სამი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვახდინეთ ამის დემონსტრირება. ამის მაგალითი გახლავთ, რომ მთავრობის სხდომაზე ინიცირება გავუკეთეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის თანახმადაც, 2013 წლის პირველ იანვრამდე ის საგადასახადო დავალიანება, რომელიც დაერიცხა 30 000-ზე მეტ კომპანიას და ამის გამო იძულებულნი გახდნენ შეეჩერებიანათ საქმიანობა, მათ სრულად ჩამოეწერებათ“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, აღნიშნული დავალიანებების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა.

„ამ დავალიანების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა, როდესაც კომპანიებს არაობიექტურად და სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტის გამოყენებით დაარიცხეს აღნიშული დავალიანება, რამაც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში.