მამუკა ბახტაძე - ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს
მამუკა ბახტაძე - ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს

დღევანდელი გადასახედიდან დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ევროკავშირთან როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რაც სრულფასოვანი ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა 21 ნოემბერს ბრიუსელში ევროკომისიაში დაგეგმილ მაღალი დონის პირველ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციის პროცესს ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

კომისიის სხდომაზე ასევე იმსჯელეს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მუშავდება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა თითოეული უწყების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ ეფექტიანი და რეალისტური სტრატეგიული დოკუმენტი მიიღოს.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა 15 ოქტომბერს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ. ასევე, განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლების საკითხი. კომისიის წევრებმა მოისმინეს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კომისიის წევრებს ასევე გააცნო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმა, მისი ექვსი თვის შესრულების ანგარიში და 2017-2020 წლების საქართველო-ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო-პროგრამის 2018 წლის სამოქმედო გეგმა.