მამუკა ბახტაძე  - ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, სადაც განათლების სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს  
მამუკა ბახტაძე  - ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, სადაც განათლების სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს  

საქართველოში ევროპული სკოლის დაარსების საკითხი ასახულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დოკუმენტში, – ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული არის  20 ძირითად მიზანს შორის 2020 წლისთვის, რომელიც ამავე დროს, გაწერილია სამთავრობო პროგრამაში 2018-დან 2020 წლის ჩათვლით.

„ეს ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს 20 კონკრეტული შედეგი და დღევანდელი პროექტი გახლავთ ამ 20 პროექტში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს და, რა თქმა უნდა, განათლების სექტორს აქ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, ევროპული სკოლა არის პროექტი მომავალი თაობისთვის, ანუ ქვეყნის მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის.

„დღეს ეს სკოლა კარს გაუღებს 30 მოსწავლეს, რომლებიც ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან კონკურსის გზით შეირჩნენ. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაირიცხნენ სკოლაში და აქ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ისწავლიან სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, უკრაინელი და მოლდოველი ახალგაზრდები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, მოსწავლეები  ინოვაციური, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროგრამების საშუალებით მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს.

„ეს არის პროექტი, რომელიც აკადემიური განათლების მიღებასთან ერთად, დიდ როლს ითამაშებს მულტიკულტურულ ურთიერთობებში. ჩვენ საქართველოში ვამაყობთ, რომ სწორედ მულტიკულტურიზმი, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა ისტორიულად იყო ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, მოხარული ვარ, რომ განათლების სექტორი და აღნიშნული პროექტი ამ ძალიან ღირსეულ ტრადიციას აგრძელებს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან განმარტა, დღეს იწყება საპილოტე პროგრამა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით ეს იქნება წარმატებული პროექტი.

„მინდა აღვნიშნო, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის სათანადო ფუნქციონირებისთვის ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას სკოლის გრძელვადიან მოდელზე, რომელიც ევროკომისიის თანადაფინანსებით განხორციელდება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ამავე დროს, დაგეგმილია საერთო საცხოვრებლის აშენება.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე განვახორციელებთ წარმატებით. მანამდე კი, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი საცხოვრებლით. მისასალმებელია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ განხორციელდა საზაფხულო ბანაკის პროექტი, რომელშიც დაახლოებით 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ევროპულ სკოლაში ისწავლიან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული სკოლის გახსნაში მონაწილეობა, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად მიიღო, რომელიც თბილისს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.