მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენთვის ეროვნული ინტერესები დგას ყველაზე მაღლა
მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენთვის ეროვნული ინტერესები დგას ყველაზე მაღლა

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენთვის ეროვნული ინტერესები დგას ყველაზე მაღლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსული მხარის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ჟურნალისტის საპასუხოდ, ტელეკომპანია „იმედში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი.

„ქართული ოცნების“ შვიდი წელი ხელისუფლებაში იმის დასტურია, რომ ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ნებისმიერ საქმეში. ამ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ნაწილია ის, რომ ჩვენ საქართველოს არ გავხდით აგრესიული დღის წესრიგის მძევლად. გინდ შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობდეთ, გინდ საგარეო პოლიტიკაზე. მე მინდა, გამოვეხმაურო იმ ე.წ. ოფიციალურ მიზეზებს, რომელიც იქნა მოყვანილი. ბოლო დღეების განმავლობაში მქონდა რამდენიმე თათბირი სამართალდამცველებთან და მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას – საქართველო ევროპაში არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა და როდესაც თბილისზე ვსაუბრობთ, ის ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია მთელს ევროპაში. ეს ძალიან კარგად იციან უცხოელმა ტურისტებმა. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. ტურიზმის სექტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ბუნებრივია, გადავდგამთ უფრო ინტენსიურ ნაბიჯებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერის თქმით, არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და კონსულტაციები ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ჩვენ გვაქვს ღვინის შემოწმების უმაღლესი სტანდარტები და გამოთქმულ ეჭვებს საზოგადოება თავად გასცემს პასუხს, რომ ამას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს კერძო სექტორთან კოორდინაცია. დღეს ეკონომიკის სამინისტროში იყო შეხვედრა ჩვენს ტურისტულ კომპანიებთან, ვინაიდან ასეთ ვითარებაში კერძო სექტორის ხმა, მათი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს. ჩვენ გვსურს ამ მოკლე ვადაში წარმოქმნილი პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარება. ამავდროულად, ჩვენ ვიხედებით წინ, ვაგრძელებთ ინტენსიურად ყველა ინიციატივის და რეფორმის გატარებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კონკურენტუნარიანი. მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, სწორედ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ასეთ საკითხებს ასეთ დროს და ჩვენ სწორედ ასე მოვიქცევით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ .