მამუკა ბახტაძე - ჩვენ შევძელით და ოთხჯერ გავზარდეთ ტურისტების რაოდენობა ზამთრის კურორტებზე
მამუკა ბახტაძე - ჩვენ შევძელით და ოთხჯერ გავზარდეთ ტურისტების რაოდენობა ზამთრის კურორტებზე

ბოლო ოთხ წელიწადში ტურისტების რაოდენობა საქართველოს ზამთრის კურორტებზე გაოთხმაგდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, ფრისტაილში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი საბაგიროების მშენებლობის პრეზენტაციაზე გააკეთა.

„როგორც რიგითი ქართველი ვარ ძალიან ამაყი, რომ საქართველო უმასპინძლებს 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში. ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ ან ნდობისთვის და ამავე დროს ეს ნდობა აჩვენებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, საქართველოს აქვს სწორი ეფექტური და მიზანმიმართული სტრატეგია ჩვენი ზამთრის კურორტების განვითარებისთვის. მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის საკმარისი, რომ საქართველო გახდეს წარმატებული ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანა. ამისთვის აუცილებელია, ჩვენ გავზარდოთ ქვეყნის ცნობადობა. ძალიან მიხარია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ოთხჯერ გავზარდეთ ტურისტების რაოდენობა ზამთრის კურორტებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავრობისთვის მთისა და ზამთრის კურორტების განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს ნიშნავს, რომ უნდა განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები, რათა ჩვენი კურორტები მართლაც იყოს უმაღლესი ხარისხის. სწორედ ეს არის მთავარი იდეა, რომელიც დავისახეთ და დღეს მოეწერება უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს ხელი, რომლის მიხედვითაც ამ ულამაზეს ადგილას ავაშენებთ სამი ახალ საბაგიროს. კონტრაქტს ჩვენ ვაწერთ ხელს მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან ამ სფეროში. ეს არის ავსტრიულ-შვეიცარულიდოპელმაიერი“ და ესეც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ კურორტების განვითარებაზე საქართველოში, აუცილებლად გვექნება უმაღლესი თამასა და აუცილებლად ვითანამშრომლებთ მხოლოდ მსგავსი რანგისა და ხარისხის კომპანიებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძის განცხადებით, საბაგიროების მშენებლობა სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობასაც.

„აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს ბაკურიანში. ნიშნავს მეტ შემოსავალს ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს. ჩვენი ტერიტორიების ორი მესამედი არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რომელიც გვაქვს და ჩვენ მას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ“, – აღნიშნა ბახტაძემ.