მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, დაპირებები მოქალაქეების წინაშე, რომლებსაც პირნათლად შევასრულებთ
ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, დაპირებები მოქალაქეების წინაშე და ამას პირნათლად შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სოფელ ხიბულაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, ხიბულაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხომ არ არის ამომრჩეველთა მოსყიდვა.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს შეფასებას მისცემენ ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში თუ არა. ბუნებრივია, ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენ გვაქვს ჩვენი დაპირებები მოქალაქეების წინაშე და ამას პირნათლად შევასრულებთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ამავე კითხვით ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძესაც მიმართეს, რომელმაც ხუმრობით უპასუხა: „მგონია, რომ ნამდვილად მოსყიდვა იყო, ზოგადად ყველა საქველმოქმედო ღონისძიება რაც კი ჩაუტარებია ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო საარჩევნო მოსყიდვა. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს საქველმოქმედო ღონისძიებები რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს გაკეთებული, იყო პარტიული მოსყიდვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.