მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია
მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია

გვაქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია. ჩვენ უნდა გავხდეთ ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს ნურსულთან ნაზარბაევს, ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობაში შეტანილი წვლილისათვის.

„ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ დიდი პოლიტიკური და ხალხთაშორის ურთიერთობები გვაკავშირებს, თუმცა ეკონომიკური მიმართულებით მაინც ვხედავთ ასათვისებელ და შესაბამისად გასაზრდელი თანამშრომლობის დიდ პოტენციალს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნურ-სულთანში ხელმოწერილ  შეთანხმებებს გაუსვა ხაზი, მათ შორის საგზაო რუკის შესახებ შეთანხმებას, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას ისახავს მიზნად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ დიდ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოსა და ყაზახეთს აქვს ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში, ასევე სხვა მიმართულებებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ სფეროებში ერთობლივი პარტნიორობის შექმნა კიდევ მრავალი წარმატების საფუძველი გახდება.

„საქართველოსა და ყაზახეთს დიდი ენერგეტიკული მიზიდულობა აკავშირებთ. საქართველო სტრატეგიულად მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, რაც ბუნებრივ ხიდად გვაქცევს ამ ორ კონტინენტს შორის, ხოლო ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყნისთვის – დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობისთვის. საქართველოს შეუძლია,  ყაზახეთს შესთავაზოს ეს უპირატესობა, რაც გააძლიერებს ლოგისტიკური მიმართულებით თქვენი პოტენციალის სრულ რეალიზაციას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რამდენიმე ძალიან მაღალი პროფილის რეგიონული პროექტი გვაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით,  საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივას შეუერთდა და უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეის განუყოფელი ნაწილია.

„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ვახსენოთ ე.წ. შუა კორიდორის პროექტი, რომელიც შემუშავდა ყაზახეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს მიერ“, – განაცხადა ფორუმზე მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ეს პროექტი გლობალურ ეკონომიკაშიც დიდ შესაძლებლობებს შექმნის.