მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავხადოთ უფრო მყარი და მტკიცე აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობები
მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავხადოთ უფრო მყარი და მტკიცე აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობები

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სწორედ საქართველო არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა დონეზე კონსენსუსი არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აშშ-ში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის, საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო დეპარტამენტის და საექსპერტო საზოგადოების მხრიდან საქართველოს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა რეფორმების გატარების მიმართულებით და იმ მისწრაფებებში, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გავხადოთ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცე და მყარი. ეს ეხება ძირითადად ორ განზომილებას -ეს გახლავთ თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით და მეორე-ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, სადაც დავიწყეთ დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს შორის და მოვისმინეთ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი სიტყვები ამ იდეასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.