მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობით გამოწვეული პრობლემების გამო, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია
მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობით გამოწვეული პრობლემების გამო, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია

ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე, რომელზეც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ჭარბვალიანობა ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს.

„დღეს, ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი. ეს პრაქტიკულად, დაკარგული რესურსია ეკონომიკური განვითარებისათვის. ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ -დაახლოებით 630 ათას ადამიანს მოკლებული აქვს შესაძლებლობა, გახდეს აქტიური სამუშაო ძალა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, შემცირებული განკარგვადი შემოსავალი ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, ხდება დანაზოგების შემცირება.

„ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაკრედიტების ისეთ მოდელებთან, რომელიც არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით, საუბარია მაღალ პროცენტიან სამომხმარებლო სესხებზე, რომლის უკან არ დგას მსესხებლის შემოსავალი“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ჭარბვალიანობა მნიშვნელოვანი პრობლემაა მაკროეკონომიკური კუთხითაც და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი  რისკფაქტორს წარმოადგენს.

მან მომხმარებელთა უფლებების დაცვაზეც გაამახვილა ყურადღება  და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობა, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლების უფლებების დარღვევის შედეგიცაა.

ჭარბვალიანობის პრობლემა ძირითადად წარმოიშვა, როდესაც საპროცენტო განაკვეთი იყო 500-600 პროცენტი და ხშირ შემთხვევაში, ირღვეოდა პასუხისმგებლიანი გასესხების პრინციპები. ეროვნული ბანკის რეგულაციის მიღმა მყოფ ორგანიზაციებში, ადგილი ჰქონდა ასიმეტრიულ რეგულაციებს,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი, სამართლიანი წესების დამკვიდრებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის  – ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად.

მამუკა ბახტაძემ საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების პრეზენტაცია დღეს გამართა. ახალი წესები გავრცელდება მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.