მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების გზაზე თანმიმდევრული და პრინციპული უნდა ვიყოთ
მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების გზაზე თანმიმდევრული და პრინციპული უნდა ვიყოთ

ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის სისტემური რისკი, – ჭარბვალიანობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

მისი შეფასებით, ჭარბვალიანობა წარმოადგენს გამოწვევას, რომელსაც სისტემური მიდგომა სჭირდება.

„ამას სჭირდება მიდგომა, რომელიც თანმიმდევრობით ამ რისკს შეამცირებს და როგორც შედეგი, გაანულებს ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ ტვირთის და ამ პრობლემის სისტემურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული და ძალიან პრინციპული აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზაზე“, – განაცხადა  ბახტაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უსამართლო თამაშის წესების შეცვლას, რაც უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემას უკავშირდება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს სთხოვა, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას.

ამასთან, მისი თქმით, გაგრძელდება ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

„მინდა ყველას შევახსენო, ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა, თითქმის 630 ათასი ადამიანი იმყოფება ე.წ. შავ სიაში და მათ მოკლებული აქვთ საშუალება, სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება განახორციელონ საკუთარ სამშობლოში – საქართველოში.

მე მინდა, თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ესმოდეს ამ გამოწვევის მასშტაბურობა და ამავე დროს, პრიორიტეტულობა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრული და პრინციპული ამ პრობლემის მოგვარების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტში დეპუტატებს ფრაქციების ფორმატში ხვდება, სადაც სამთავრობო პროგრამას წარადგენს.