მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის ეფექტიანი კონტროლის გარეშე სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია
მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის ეფექტიანი კონტროლის გარეშე სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია

ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც საბანკო და საფინანსო სექტორში ახალი, სამართლიანი წესები დამკვიდრებას ითვალისწინებს, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა.

მისი თქმით, სარეიტინგო კომპანია „მუდისმა“ (Moody’s) ცალსახად დადებითად შეაფასა ჭარბვალიანობის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს საბანკო და საფინანსო სექტორში საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჭარბვალიანობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის ეფექტიანი კონტროლის გარეშე, სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია. ასევე, როგორც მინისტრი აღნიშნავს, ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია.

„რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და ყველასთვის თანასწორ თამაშის წესებს, ამცირებს რისკებს ეკონომიკაში და ზრდის მოსახლეობის განკარგვად, რეალურ შემოსავალს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც მან განმარტა, ახალი ინიციატივა შინაარსობრივ თანხვედრაშია მთავრობის სხვა რეფორმებთან როგორიცაა – სასტარტო კაპიტალის რეფორმა, საგადასახადო მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და აძლიერებს მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებს.

მამუკა ბახტაძემ საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების პრეზენტაცია დღეს გამართა. ახალი წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.