მამუკა ბახტაძე - ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდო საქმიანობაში
მამუკა ბახტაძე - ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდო საქმიანობაში

საქართველოში ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით შესაძლოა, თამაშის ახალი წესები დამყარდეს. ამის საჭიროებაზე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს ისაუბრა, სადაც მას ლომბარდების საქმიანობაზე კითხვა დაუსვეს.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება მიიღონ უძრავი ქონება. ამასთან, არასერიოზულია არგუმენტები, იმის შესახებ, რომ თუ გარანტის სახით მოქალაქე ბინას ჩადებს ლომბარდში, იქიდან მიღებული თანხით ბიზნესს დაიწყებს.

„ჩვენ თავს ხომ არ მოვატყუებთ, რომელს გაქვთ იმის წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლიდან მიღებული თანხა შეიძლება სასტარტო კაპიტალად იქნას გამოყენებული. ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ. ასეთი ტიპის ტრანზაქციები ემსახურება სხვა ძალიან პრობლემურ საკითხებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელია და ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდო საქმიანობაში“, – განცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრის მოსაზრებით, ეს უნდა შეეხოს არამხოლოდ უძრავ, არამედ მოძრავ ქონებასაც – ავტომობილებს. თუმცა, მინისტრის თქმით, ეს საკითხები კონსულტაციების საგანია და გადაწყვეტულება კონსულტაციების შედეგად უნდა იყოს მიღებული.

„პრობლემას, რომელიც დღეს დგას ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით, აქვს ობიექტური საფუძველი და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ახალი თამაშის წესები დასამკვირდებელი, ისეთი, სადაც მსგავსი განცდები საზოგადოებაში არ იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის პრინციპის დამყარებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.