მამუკა ბახტაძე  -  ბუნებრივია, პასუხისმგებელი ვარ ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების წინაშე
მამუკა ბახტაძე  -  ბუნებრივია, პასუხისმგებელი ვარ ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების წინაშე

ბუნებრივია, მე ვარ პასუხისმგებელი ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტმა პრემიერს საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ზე დისკუსიისას მოდერატორის მიერ დასმულ კითხვაზე მის პასუხთან დაკავშირებით ჰკითხა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ კითხვაზე – თუ ვინ იყო მისი ხელმძღვანელი და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, პრემიერის პასუხმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია და იგივე კითხვა დასვა.

მამუკა ბახტაძის თქმით, პოზიცია ერთგვაროვანი იქნებოდა მისთვის, ვინც მის კომენტარს მოისმენდა.

„ჩემი აზრით, პოზიცია ერთგვაროვანი იქნებოდა, ვინც მოუსმენდა ჩემს კომენტარს. მახსოვს, როდესაც „საქართველოს რკინიგზაში“ ვმუშაობდი, კომენტარის გაკეთება მომიწია იმაზე, ჩვენი ოპონენტები რასაც ამბობდნენ, რომ ორსართულიანი მატარებელი ვერ გაივლიდა გვირაბში. ახლა ასეთი ტიპის საკითხებზე ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია და შეგვიძლია, ამ ყველაფერს ღიმილით შევხედოთ. ბუნებრივია, მე ვარ პასუხისმგებელი ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გუშინ დისკუსიისას Financial Time-ის მთავარი რედაქტორის კითხვას, თუ ვინ არის მისი ხელმძღვანელი და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, უპასუხა, რომ ის ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების, საქართველოს საზოგადოების წინაშე და დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია.