მამუკა ბახტაძე ბულგარეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს
მამუკა ბახტაძე ბულგარეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბულგარეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 16 აპრილს საქართველოს მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევსაც შეხვდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა იმყოფებიან.

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში გუშინ საღამოს ჩავიდა. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთს სტუმრობდა.