მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას შეხვდა
მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში მოლდოველ კოლეგას, პაველ ფილიპს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა, ამ ფორმატის შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა და ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები.

პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი, ასევე სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკა და მოლდოველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.

მამუკა ბახტაძემ მოლდოველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მოლდოვურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაიზიაროს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.