მამუკა ბახტაძე - ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პრინციპული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღინიშნა
მამუკა ბახტაძე - ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პრინციპული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღინიშნა

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პრინციპული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღინიშნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც ბელგიის სამეფოში ვიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, ქვეყნის მეგობრები მხარს უჭერენ.

„რეფორმები, რომელიც დაანონსებული გვაქვს, დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს ჩვენს მეგობრებში. განვიხილეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხი. გუშინ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა პრინციპული მხარდაჭერა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ასევე, ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

ამასთან ერთად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ნატო-ს ოფისში, მათ შორის გენერალურ მდივანთან, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა, სრული მხარდაჭერა, იმ გზაზე რასაც ჰქვია საქართველოს  ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში და,  ამავე დროს, სრული მხარდაჭერა რეფორმებისა, რომლებსაც განვახორციელებთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო ამაღლების, გაძლიერებისა და ნატო-ს სტანდარტებთან უნისონში მოყვანისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად სწორედ ბრიუსელს ეწვია. პრემიერი დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოში 18 ივლისს ჩავიდა. მამუკა ბახტაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს, ასევე, ევროკომისრებს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს.