მამუკა ბახტაძე - ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია ან რეფორმების შინაარსში ჩაუხედავი ადამიანის მოსაზრებაა
მამუკა ბახტაძე - ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია ან რეფორმების შინაარსში ჩაუხედავი ადამიანის მოსაზრებაა

ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბარი იმ გარემოში, რა გარემოშიც ბიზნესი ვითარდება, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა ან შეიძლება იმ ადამიანის მოსაზრება იყოს, ვინც მიმდინარე რეფორმების შინაარსში ჩახედული არ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი შეფასებით, საკანონმდებლო თვალსაზრისით, საქართველოში ბიზნესი დღეს კომფორტულ გარემოშია, თუმცა რჩება გარკვეული ბარიერები.

„დღეს ქართული ბიზნესი არის ძალიან კომფორტულ გარემოში საკანონმდებლო თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი ბარიერი, რაც ჯერ კიდევ გვაქვს, ეს არის გარკვეულწილად დარჩენილი უსამართლო რეჟიმები საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არაკონკურენტულ და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მწარმოებლებს. აღნიშნული ხარვეზების გასწორება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მან მსგავსი ხარვეზების აღმოფხვრის რამდენიმე მაგალითიც დაასახელა.

„ფაქტიურად 10-15 წლის განმავლობაში მოქმედებდა პრაქტიკა, როცა მედიკამენტების იმპორტის შემთხვევაში, იმპორტიორები არ იხდიდნენ დღგ-ს, ადგილობრივი მწარმოებლები კი, იძულებულნი იყვნენ გადაეხადათ. ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა არის სოფლის მეურნეობის პროდუქციაში. გვქონდა შემთხვევები, რომ მეზობელ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით მეწარმეები ვერ სარგებლობდნენ მაშინ, როდესაც იმპორტიორებს ჰქონდათ სრული წვდომა ქართულ ბაზარზე. თუ ამაში მდგომარეობს თქვენი კითხვის შინაარსი, მაშინ დიახ, ეს ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად, მაგრამ თუ  შეადარებთ იმ პერიოდს, რაც გვქონდა შარშან, მინდა გითხრათ, რომ რაც შეეხება საერთაშორისო ვაჭრობას, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და დღეს ძალიან ბევრ სექტორში არის თანაბარი თამაში წესები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამის საუკეთესო მაგალითი სტატისტიკაა, რომელიც ექსპორტის თითქმის 30 პროცენტიან ზრდას აჩვენებს.