მამუკა ბახტაძე - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, შემაერთებელი სადგური სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება
მამუკა ბახტაძე - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, შემაერთებელი სადგური სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის საინჟინრო გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული სარკინიგზო ხაზის შემაერთებელი სადგური სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქშია.

„ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენთვის და არსებობს სამ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, სადაც კონკრეტულად განსაზღვრულია პრინციპები, რომლითაც ხორციელდება ეს პროექტი. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ პროექტს იმ საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც არსებობს. ამ საინჟინრო გადაწყვეტილების მიხედვით, შემაერთებელი სადგური არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ანკარაში გამართულ შეხვედრას, სადაც რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა მემორანდუმი გააფორმეს, პრემიერის თქმით, როგორც ჩანს, აღნიშნული შეხვედრა სხვა რაკურსის იყო, რადგან საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, პროექტს სხვა მოთამაშე შეუერთდეს.

„ანკარაში რა შეხვედრაც გაიმართა, ეს არის სრულიად სხვა რაკურსის შეხვედრა, როგორც ჩანს, ვინაიდან სამ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, მას შემოუერთდეს ნებისმიერი სხვა მოთამაშე. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შემაერთებელი სადგური, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის რკინიგზის შეერთება ჩვენი სტანდარტის რკინიგზასთან და ეს მოხდება სწორედ ახალქალაქში. არანაირი სხვა ვარიანტი არ განიხილება“, – განაცხადა ბახტაძემ.

ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა. რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია „რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.

დატოვე კომენტარი