მამუკა ბახტაძე - ბახმაროში უნდა გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური
მამუკა ბახტაძე - ბახმაროში უნდა გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური

ჩვენ მოვამზადეთ ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და უმოკლეს ვადებში გადავწყვეტთ ორ ძირითად პრობლემას – ეს არის ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგების პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბახმაროში, ტრადიციული დოღის „ბახმაროს თასი 2018“ მიმდინარეობისას განაცხადა.

„მთავარი მიზანია, ბახმარო გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, საქართველოს სიამაყე და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, გენერალური გეგმა ითვალისწინებს, რომ ბახმარო ოთხსეზონიანი კურორტი გახდეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბახმაროს განვითარების გეგმის ექსპერტიზას ავსტრიელი სპეციალისტები ჩაატარებენ, რათა ეს უნიკალური კურორტი, საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დაპროექტდეს.

„პირველ რიგში, მინდა ფერიცვალება მივულოცო ყველას. დღეს ჩვენ ვართ ბახმაროში, ამ უნიკალურ ადგილას. მოვამზადეთ ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა. უმოკლეს ვადებში გადავწყვეტთ ორ ძირითად პრობლემას, ეს არის ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგების პრობლემა. ამასთან ერთად, ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს რამდენიმე კურორტზე მოხდა. ამასთან ერთად, ავიყვანთ ავსტრიელ ექსპერტებს, რომ მოხდეს განვითარების გეგმის ექსპერტიზა, რათა საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დავაპროექტოთ ეს კურორტი და ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ მარგალიტად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.