მამუკა ბახტაძე - აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ გამოწვევას 2020 წელს საბოლოოდ დავძლევთ  
მამუკა ბახტაძე - აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ გამოწვევას 2020 წელს საბოლოოდ დავძლევთ  

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი წელს მილიარდზე მეტი იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი კრიტიკაა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ სექტორს არ აქვს მომავალი საქართველოში და ტყუილად ახდენს სახელმწიფო ინვესტირებას.

„მინდა, ყველას შეგახსენოთ, ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ეს ეხება ფაქტობრივად ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. წელს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი მილიარდზე მეტი იქნება. ეს არის ყველაზე კარგი პასუხი იმ სკეპტიკოსებისთვის, ვინც ამბობდა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში სოფლის მეურნეობას აქვს მომავალი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩვენი პოლიტიკის განხორციელებაში ძალიან ეფექტიანები ვიქნებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, წლევანდელი რთველი საუკეთესო და ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საუკეთესო წელი იყო ღვინის ექსპორტის თვალსაზრისითაც, მაგრამ არის მტკივნეული გამოწვევებიც.

„შარშან აზიურმა ფაროსანამ ძალიან დაგვაზარალა, თუმცა გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი დასკვნები და წელს ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს. ვფიქრობ, 2020 წელს ამ ძალიან მტკივნეულ გამოწვევას ჩვენ საბოლოოდ დავძლევთ და დავამარცხებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა სოფლების გაზმომარაგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად მოსახლეობის 80 პროცენტს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი.

„რამდენიმე კვირის წინ ზემო აჭარაში გავხსენი პროექტი, რომლის მიხედვითაც უკვე ზემო აჭარის მოსახლეობასაც აქვს წვდომა ბუნებრივ აირზე. რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზემო აჭარაში ბუნებრივი აირი გვექნებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.