მამუკა ბახტაძე - აუცილებლად შევქმნით ხიდს, რომელიც გადის სამეგრელოზე, რაც საშუალებას მოგვცემს, ევროპული ტიპის ქვეყნის მშენებლობის გზით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი ძმები
მამუკა ბახტაძე - აუცილებლად შევქმნით ხიდს, რომელიც გადის სამეგრელოზე, რაც საშუალებას მოგვცემს, ევროპული ტიპის ქვეყნის მშენებლობის გზით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი ძმები

ჩვენ არა მხოლოდ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ, ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის შექმნაში და დღეს, როდესაც ჩვენი მთავარი გამოწვევა ქვეყნის ერთიანობაა, ეს როლი და პასუხისმგებლობა ერთი-ორად გაზრდილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამეგრელო, ზუგდიდი ჩვენთვის არის განსაკუთრებული, ისტორიული ხიდი იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია.

პრემიერმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება რეგიონში იგეგმება, მათ შორის გიორგი გახარიას უწყების მიერ დაგეგმილ რეფორმებზე და გამოთქვა რწმენა, რომ ის ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას.

„ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებით. ჩვენ აუცილებლად შევქმნით ხიდს, რომელიც გადის სამეგრელოზე, რაც საშუალებას მოგვცემს, მშვიდობიანად, ევროპული ტიპის ქვეყნის მშენებლობის გზით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი ძმები და ერთიანად ავაშენოთ ძლიერი საქართველო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.