მამუკა ბახტაძე - აუცილებლად გვჭირდება მაღალი საშემსრულებლო დისციპლინა, გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებასთან კონტაქტი და მათგან უკუკავშირის მიღება
მამუკა ბახტაძე - აუცილებლად გვჭირდება მაღალი საშემსრულებლო დისციპლინა, გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებასთან კონტაქტი და მათგან უკუკავშირის მიღება

აუცილებლად გვჭირდება მაღალი საშემსრულებლო დისციპლინა, გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესება და რაც მთავარია – საზოგადოებასთან კონტაქტი და მათგან უკუკავშირის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანაში არსებობს ბევრი გამოწვევა, პრობლემა და საკმაო ხარვეზები მმართველობით სისტემაში.

„თქვენ იცით პარტიის თავმჯდომარის განცხადებები ამ საკითხზე, რაც ბევრისთვის მტკივნეული იყო, მაგრამ ამავე დროს – ობიექტური. ფაქტი გახლავთ ის, რომ მომავალ წელს საქართველოს ბიუჯეტი იქნება 13 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის თანხა, რომ ჩვენ ერთ წელიწადში დავძლიოთ ყველა ის პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი. ჩვენ შევქმენით ეს რესურსი და აუცილებელია, ხელისუფლების ყველა შტომ, მათ შორის ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შევძლოთ, ამ რესურსიდან გამომდინარე მოქალაქეებამდე კონკრეტული სიკეთეები მივიტანოთ.

სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ მმართველობითმა სისტემამ უნდა დააკმაყოფილოს მაღალი სტანდარტი. აუცილებლად გვჭირდება მაღალი საშემსრულებლო დისციპლინა, გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესება და რაც მთავარია – საზოგადოებასთან კონტაქტი და მათგან უკუკავშირის მიღება. ბევრი საუბრობს იმაზე, რატომ გააქტიურდა მთავრობა წინასაარჩევნო პერიოდში. ჩემი შეხედულება მარტივია – მთავრობა ამ რეჟიმში უნდა მუშაობდეს მუდამ – იქნება არჩევნები, თუ – არა. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ვერ დააკმაყოფილებს, ასეთი ხალხი სამსახურში ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.