მამუკა ბახტაძე - აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს წვდომა ჰქონდეთ სულ მცირე, სამ სერვისზე: ჯანდაცვა, განათლება, მეწარმეობა
მამუკა ბახტაძე - აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს წვდომა ჰქონდეთ სულ მცირე, სამ სერვისზე: ჯანდაცვა, განათლება, მეწარმეობა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია ფასდება მხოლოდ ორი სიტყვით, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ამ გამოწვევაზე მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მოახდინოს.

„ჩვენი მიზანი იქნება, განვაგრძოთ მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ამ გამოწვევაზე, იმ ყოველდღიური ბორდერიზაციის პროცესზე და ადამიანის უფლებების დარღვევის პროცესზე, რასაც თვალყურს ვადევნებთ. ყველა პლატფორმას ვიყენებთ ამისთვის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია ფასდება მხოლოდ ორი სიტყვით – ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასაძლევად გვჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, სხვანაირად გაგვიჭირდება გამოწვევასთან გამკლავება“ – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველომ გადადგა პრინციპული ნაბიჯები.

„მოვიპოვეთ მხარდაჭერა, ფაქტიურად ყველა მეგობარი ქვეყნისა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომ დავიწყოთ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება. პირადად მე ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივა საუკეთესოდ უპასუხებს ამ გამოწვევებს. აუცილებელია, გაიზარდოს ადამიანთა შორის კონტაქტები, აუცილებელია, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჰქონდეთ მინიმუმ სამ სერვისზე წვდომა – ჯანდაცვა, განათლება და მცირე და მიკრო მეწარმეობა, რათა შეძლონ, ოჯახები გამოკვებონ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეს იქნება, ძალიან კარგი სამი ნაბიჯი აღნიშნული პრობლემის ფუნდამენტური მოგვარების დასაწყებად.

„ამ შემთხვევაში, აუცილებელია მსოფლიო თანამეგობრობის და მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომ ვაიძულოთ როგორმე ოკუპანტი, გაითვალისწინოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პირველ რიგში, მორგებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა  ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიიღო. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში განაცხადეს, თუ ამ დრომდე „ცხინვალიდან საქართველოში გადასასვლელად საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა, ამიერიდან ეს წესები გამკაცრდება და საქართველოში წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე ვერავინ მოხვდება“.