მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს ურთიერთობები ახლა უმაღლეს დონეზეა
მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს ურთიერთობები ახლა უმაღლეს დონეზეა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ახლა უმაღლეს დონეზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, სახელწოდებით – „ევრაზია ახალ გლობალურ კონტექსტში“ დისკუსიაზე, რეგიონში აშშ-ის როლზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა ვითარდება, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში.

„აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-საქართველოს ურთიერთობები ახლა უმაღლეს დონეზეა. ჩვენი თანამშრომლობა ვითარდება როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში. ამავე დროს, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რეგიონის ქვეყნებს შესაძლოა, სხვადასხვა საერთაშორისო მისწრაფება ჰქონდეთ. მაგალითად, საქართველოს მისწრაფებაა, გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამ იდეას“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამავე დროს, ცენტრალური აზიაში არის ძალიან დიდი პოტენციალი, რომლის გლობალური ეკონომიკისთვის გასახსნელად მთავარი დაბრკოლება ტრანსპორტი და ლოჯისტიკაა.

„საქართველოში ჩვენ ვაშენებთ ღრმაწყლოვან პორტს, რომ დავეხმაროთ ამ სახელმწიფოებს, განავითარონ ვაჭრობა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან, შეამცირონ ლოჯისტიკის ხარჯები და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი. არ ვფიქრობ, რომ სხვადახვა ქვეყნის განსხვავებული საერთაშორისო მისწრაფებები ამ შემთხვევაში დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ეკონომიკური ინტერესი ძალიან დიდია“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ დისკუსიაზე.

დისკუსიაში Sun group-ის ვიცე პრეზიდენტი შივ ვიკრა ხემკა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ვალი ნასრი, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი, ასევე EBRD-ის პრეზიდენტი სუმანტრა ჩაკრაბარტი მონაწილეობდნენ.