მამუკა ბახტაძე - აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა
მამუკა ბახტაძე - აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე, არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე ჩვენი ურთიერთობა და ასეთი ორიენტირებული კონკრეტულ შედეგებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პირობებში, საქართველომ შეძლო, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაეღრმავებინა და ყველაზე მაღალ დონეზე აეყვანა.

„დამოუკიდებლობის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობის გვერდით და რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ეს ურთიერთობა არის ყველაზე მაღალ დონეზე. შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი, რომელიც მიუთითებს იმ ძალიან დიდ პროგრესზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს კარგად ესმით, თუ როგორი რთულია, ქვეყანა გყავდეს განვითარების ასეთ მაღალ ტრაექტორიაზე მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სისტემური აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის გამოწვევებით აღსავსე გზა, მაგრამ სწორედ ჩვენი მეგობრობა და ჩვენი პარტნიორობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ეს გამოწვევები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხუთი საკანონმდებლო აქტი არის მიღებული, სადაც ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ნახსენებია ის აგრესია და ოკუპაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში ახორციელებს.

„მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან კანონს ბიუჯეტის შესახებ, სადაც ნათლად არის ასახული აშშ-ის მკვეთრი რეაქცია ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ეს არის ძალიან კონკრეტული გზავნილები, ეს არის ძალიან კონკრეტული დახმარება და მე კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს, მის ადმინისტრაციას და მისი გუნდის ყველა წევრს ასეთი ერთგული დახმარებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.